გასულ წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან 71 ადამიანი დააკავეს, ხოლო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 20 ადამიანი – ამის შესახებ საუბარია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში.
როგორია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე?
როგორც ანგარიშშია საუბარი, 2019 წლის განმავლობაში გრძელდებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი პირების მიერ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტები.
2019 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით აღინიშნა უკანონო დაკავების 71 შემთხვევა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, მათ შორის, 9 ქალისა და 1 არასრულწლოვანი პირის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულებს ათავისუფლებენ ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2000-დან (დაახლოებით 90 ლარი) 20000 რუსულ რუბლამდე (დაახლოებით 900 ლარი) მერყეობს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 30 000-დან (480 ლარი) 60 000 რუსულ რუბლამდე (960 ლარი). უწყების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით პირთა უკანონო პატიმრობა, ძირითადად, 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულებს, გამოგონილი ბრალდებებით, გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში ტოვებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით 20 პირი, მათ შორის, 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი უკანონოდ დააკავეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, უკანონო დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევებში დაკავებულ პირებს რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ხშირად სცემენ, რის შედეგადაც ისინი სხვადასხვა ფიზიკურ დაზიანებას იღებენ, რაც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის შედეგად, ასევე, გამოვლინდა, რომ დაკავების იზოლატორებში არის არასათანადო პირობები – უჰაერობა, სიბინძურე, ჰიგიენის საშუალებების ნაკლებობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვების მიუწოდებლობა, უხარისხო საკვები და სხვ.
„ციხეში პირობები ძალიან ცუდია, მით უმეტეს, დაბლა კარცერში. არის უჰაერობა, ნესტი. მხოლოდ
დღეში ერთხელ გაჭმევენ. სამი დღე არაფერი უჭმევიათ“, – აღნიშნავს სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში დააკავეს უკანონოდ.ცხინვალის იზოლატორში იგი 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შოთა ბიძინაშვილი სოფელ ბერშუეთის განაპირას დააკავეს. სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და აქ ხშირია ადგილობრივების უკანონო დაკავების ფაქტები. ადგილობრივ მოსახლეობას, ხშირად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას, საქონლის მწყემსვის
დროს და ტყეში აკავებენ.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციების თანახმად, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა წარმოადგენს აბსოლუტურ აკრძალვას. არ არსებობს გარემოება, რომელიც გაამართლებს მსგავს მოპყრობას. იგი ნებისმიერ შემთხვევაშის დაუშვებელია. მსგავსი ფაქტები სათანადოდ უნდა გამოიძიონ კონვენციების მონაწილე სახელმწიფოებმა და დამნაშავე პირები მისცენ პასუხისგებაში.