როგორც ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, ყველა სხდომას რომ ბოიკოტი გამოუცხადოს ოპოზიციამ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს.
„გირჩევთ გაიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, აი, სრულად პროპორციული სისტემა და დაბალი ბარიერი (როგორც არ უნდა, არ აინტერესებდეს ენმ-ს) რომ უნდა დადოს, ხვალვე რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, იმავენაირად გაგვისწორდება „ოცნება” 120/30-ზე სისტემით. ხო, 30 მაჟორიტარით ისევ უმრავლესობა ექნება. ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტში 2 კენჭისყრაა საჭირო. სულ რომ ყველა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ამ კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს.
არა პროპორციულს, ანუ არა არჩევნებს სინამდვილეში ნიშნავს – არა კოალიციას! არა არჩევნებს, რაც ბოლო დღეებია ისმის, ნიშნავს – დიახ, არა კოალიციას და კი – ერთპარტიულობას ისევ. რა გზით, გასაგებია, თუ დაფიქრდებით.
ამიტომ ვიყოთ თანმიმდევრულნი, და თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით. ამით დასტურდება ყველა პარტიის განზრახვა, რა მომავალი უნდა სინამდვილეში. დიახ, სწორად დაგეგმილი პროტესტი და გათვლილი, რაციონალური ნაბიჯები გვჭირდება და არა ბიძინას გასახარად ისევ გულზე მჯიღი.
ჩემი რჩევა იქნება, რის მიღწევასაც ვცდილობთ, იმას ერთი დიდი პრობლემა წინ არ დავახვედროთ – იგივე სისტემა მაჟორიტარებით“, – წერს ხათუნა სამნიძე.
ხათუნა სამნიძემ ამის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომლითაც ის ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.