სამნიძემ პლენარულ სხდომაზე ედუარდ სააკაშვილის მიმართვა ჩართო

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მიხეილ სააკაშვილის შვილის გუშინდელი მიმართვა მოასმენინა პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ პარლამენტარებს.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ „დარჩა გაოგნებული პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და „იმ საზარელი კადრებით, რომელიც, ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში”.

ვიდეომიმართვის დასრულების შემდეგ თავად სამნიძე გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯია ვითარების განმუხტვისთვის საჭირო და ამ ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა განცხადებები, რომელიც კეთდება, ვითარების მიზანმიმართულ დაძაბვას ემსახურება.

„როგორც მივხვდით, ბევრს მოსმენილი არ გაქვთ, ეს მიმართვები არ გაინტერესებთ. ბევრია სათქმელი და ყველას საკუთარი ბრძოლა აქვს – მეგონა, რომ სამართლიანობისთვის, თანასწორობით, სიმშვიდისთვის ბრძოლის ნაცვლად არ გვექნებოდა საბრძოლველი გადარჩენისთვის, არსებობისთვის. სანამ თითოეული ჩვენგანი არ დააფასებს და პატივს არ სცემს ერთმანეთის ბრძოლას, მანამ ექნება ამ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ გამოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ მათ მხარეს არის ჭეშმარიტება. სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო და ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული მესამე ვადით, რომ განიმუხტოს კრიზისი. დღევანდელი ნაბიჯები ამას არ ემსახურება და მიზანმიმართულად ხდება, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება“. – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. მისი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისთვის ყველა პირობაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება.