სამოქალაქო აქტივისტები შარლ მიშელს ღია წერილით მიმართავენ

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, წერილით მიმართავენ და სთხოვენ, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ქვეყანაში რეპრესიების შესაჩერებლად.

„2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა ასეულობით აქტივისტი. უკანასკნელი თვის განმავლობაში პოლიცია თითქმის ყოველდღე აკავებდა სამოქალაქო აქტივისტებს შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და საპროტესტო კარვის დადგმის მცდელობისთვის.

ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული იყოს სასამართლოს საშუალებითაც. პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს ცნობენ დამნაშავედ და აჯარიმებენ მტკიცებულებებს და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

ამასთან ერთად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აწარმოებს მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების ტერორს და თავდასხმას.  უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ქ.ბათუმში და ქ.ქუთაისში საპროტესტო კარვებს მიზანმიმართულად დაეჯახათ ავტომობილები. დამნაშავეები ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებულნი და პოლიციას არ დაუკავებია.

მიგვაჩნია, რომ თავდამსხმელები, პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო, პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ სამოქალაქო აქტივისტების დევნისთვის.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები საქართველოში რეპრესიების შესაჩერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

მოძრაობა „საქართველოსთვის”

„სირცხვილია”

„გხედავ”

„შეცვალე”

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი”

„იმოქმედე”

„სამოქალაქო პლატფორმა – დემოკრატიული მომავლისთვის”