სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს რეესტრმა ახალი კავშირის რეგისტრაციაზე უარი უთხრა

პუბლიკა

საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს ახალი კავშირის შექმნაზე საჯარო რეესტრმა ისევ უარი უთხრა.

საჯარო რეესტრმა სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეებს, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს — კონსტიტუციის 78-ე მუხლს“ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

პროფესიული კავშირის წევრებმა ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, არ სჯერათ, რომ რეგისტრაცია ხარვეზის გამო შეჩერდა.

„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს — კონსტიტუციის 78-ე მუხლს“ კიდევ ერთხელ, სრულიად აბსურდული მიზეზით, შეუჩერა რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ერთობას დიდი ძალა აქვს, რაც განსაკუთრებით აშინებთ უფლებათა დამრღვევებს.

ორგანიზაციის რეგისტრაციაზე ბოლო უარის საფუძვლად საჯარო რეესტრის მხრიდან დასახელდა პროფესიული კავშირის სახელწოდება, რომელიც უწყების განმარტებით, სხვა იურიდიული პირების სახელწოდების მსგავს ტერმინებს შეიცავდა.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უმნიშვნელოდ შეიცვალა პროფესიული კავშირის სახელი და 2025 წლის 12 ივნისს რეესტრში წარდგენილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი სარეგისტრაციო დოკუმენტები, მათ შორის იმ იურიდიული პირის თანხმობა, რომლის სახელთან მსგავსებაზეც აპელირებდა საჯარო რეესტრი.

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ საქმე გვაქვს რიგითი რეგისტრატორის შეცდომასთან. შესაბამისად, მივმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს და მოვუწოდებთ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეისწავლონ წარდგენილი დოკუმენტები და განაახლონ სარეგისტრაციო წარმოება“, — განაცხადეს პროფკავშირის წევრებმა.

ასევე, ორგანიზაციის წევრების თქმით,  კავშირის მართვასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების გამო, რამდენიმე დამფუძნებელმა პროფკავშირი დატოვა.

ისინი აცხადებენ, რომ ორგანიზაციის ძველ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა პროფესიული კავშირი და დააფუძნა ახალი ორგანიზაცია, რაც მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„აქვე გვსურს, განვაცხადოთ, რომ პროფესიული კავშირის დაფუძნება და კავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საჯარო მოხელის კანონით დაცულ უფლებას, ამიტომ ჩვენ არ შევწყვეტთ სამართლებრივ ბრძოლას კავშირის რეგისტრაციისთვის, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გარდა ორგანიზაციაში გვქონდა სხვა სახის გამოწვევებიც. ორგანიზაციის მართვის პრინციპებთან და სამომავლო სტრატეგიის ხედვასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, რამდენიმე დამფუძნებელმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, დატოვა ორგანიზაცია.

თუმცა, ორგანიზაციის ძველ ფეიჯზე, რომელზე წვდომაც თავიდანვე შეზღუდული გვქონდა ყველა დამფუძნებელს, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა პროფესიული კავშირი და დააფუძნა ახალი ორგანიზაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ დაუშვებელია ინსინუაციების მიზანმიმართულად გავრცელება, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, რაიმე ფორმით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. პატივს ვცემთ ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებს, ვმოქმედებთ ღიად და სამართლიანად, პროფესიული კავშირის ინტერესებისა და პრინციპების დაცვით“, — თქვეს პროფკავშირების წევრებმა ბრიფინგზე.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ასევე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და პროფესიული კავშირის წარმომადგენლობას განახორციელებენ ახალი თანათავმჯდომარეები: მეგი კაციტაძე, მარიამ ფარქოსაძე და ნინო ტყეშელაშვილი.

ისინი სხვა საჯარო მოხელეებსაც მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ ორგანიზაციას მათ ახალ Facebook გვერდზე.

„ასევე მოგახსენებთ, რომ ორგანიზაციაში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, დამფუძნებელთა ძირითად გუნდს შემოუერთდნენ პროფესიონალი და კვალიფიციური საჯარო მოსამსახურეები; პროფესიული კავშირის წარმომადგენლობას განახორციელებენ ახალი თანათავმჯდომარეები: მეგი კაციტაძე, მარიამ ფარქოსაძე და ნინო ტყეშელაშვილი.

ამასთანავე, „ფეისბუქში“ უკვე შექმნილია ორგანიზაციის ახალი გვერდი, სახელწოდებით „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ და ყველა საჯარო მოსამსახურეს მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ სოციალურ ქსელებში. დამფუძნებელთა სრული უმრავლესობა ერთობლივად განვაგრძობთ დასახული მიზნისკენ სვლას. დღეს, ჩვენ გვერდით დგას ასობით საჯარო მოსამსახურე, რომლებიც ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდგომ შემოგვიერთდებიან პროფესიული კავშირის სრულუფლებიან წევრებად“, — თქვეს ორგანიზაციის წევრებმა.