სამსახურში აღდგენა და 30 000 ლარის კომპენსაცია | „საქართველოს ბანკმა“ სასამართლო დავა წააგო

პუბლიკა

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინფორმაციით, პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო.

პროფკავშირების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დამსაქმებელს დაევალა მოსარჩელის მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე აღდგენა და კომპენსაციის გადახდა.

„საქართველოს ბანკს” დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან (2018წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამას გარდა გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება და საშვებულებო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის თანხის 0.07% ნამატი, რაც ჯამში 30 000 ლარზე მეტია.

თ.მ საქართველოს ბანკში 2007 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იგი სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად, კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად. ამასთან, მოსარჩელე არის 4 შვილის დედა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მან დეკრეტული შვებულების პერიოდში მიიღო შეტყობინება სამსახურიდან შრომის კოდექსის 37.1.-ე მუხლის „ო“ პუნქტის საფუძველზე მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. ამასთან, „საქართველოს ბანკმა” ისე გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ მისთვის არ აუნაზღაურებია 2018 წლის გამოუყენებელი ფასიანი 24 დღის საშვებულებო თანხა.

სასამართლოს განხილვისას დადგინდა, რომ „საქართველოს ბანკს“ იმავე პოზიციაზე მომუშავე 9 პირი დაუსაქმებია სხვადასხვა თანამდებობაზე, ამასთან მოლარე ოპერატორის თანამდებობა ვაკანტური იყო, როგორც მოსარჩელის გათავისუფლების დღისათვის, ასევე სასამართლო განხილვის დროსაც“, – ამბობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა. პროცესში ჩართული იყოს, ასევე, მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირი.

„საქართველოს ბანკში“ „პუბლიკას” განუცხადეს მხოლოდ ის, რომ აღნიშნული პირი დეკრეტული შვებულების დროს არ გათავისუფლებულა.

„პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა”, – ამბობენ ბანკში.