„უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას პარლამენტთან, რადგან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სურდა, პარლამენტში შეეტანა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას ემსახურებოდა.
„არ მინდოდა, საქართველოს პარლამენტს ჩვენი წინადადების შესახებ კანცელარიიდან გაეგო. მოვიწერე მეილი პარლამენტში იმასთან დაკავშირებით, რომ არ მინდა, მოვიტანო ეს საკანონმდებლო წინადადება ისე, რომ პარლამენტი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს.
ეს მეილი მოვიწერე 8 თუ 9 დეკემბერს. ვიღებ პარლამენტისგან შეტყობინებას, რომ დატვირთულები ვართ. დღეს შევხვდეთ, ხვალ შევხვდეთ, ზეგ შევხვდეთ… ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები. წლის ბოლოა, დატვირთული რეჟიმია და ა.შ. თურმე, ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არა თუ გაძლიერებაზეა, არამედ, თურმე, აუქმებს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტიდან ვინმეს გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა და ეთქვა, რომ აზრი არ აქვს ამ ინიციატივაზე მუშაობას, რადგან მზადდება კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს.
ეს დამოკიდებულება რით დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მიგვაღებინეთ მონაწილეობა, რომ მე, თურმე, აგერ წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ, თურმე, საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულად, მინიმუმ, იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა, ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი.
მე არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას, ფორმალურად შეიძლება ვისხდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, რადგან არავითარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ.
მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას და ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ ამისთვის. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
„ქართული ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.