სამშობლოში საქართველოს 10 000 მოქალაქე დაბრუნდა - ზალკალიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებას საგარეო საქმეთა სამინისტროს, ერთგვარი, შუალედური ანგარიში წარუდგინა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მისი განცხადებით, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 10 000 მოქალაქე. ზალკალიანის თქმით, სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს.

„საელჩოების დახმარებით, მოქალაქეთა დაბრუნება ხორციელდება სამი გზით: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ამ დროისთვის განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 სპეციალური ავიარეისი. საანგარიშო პერიოდში საკოორდინაციო საბჭოზე არსებული საჭიროების მიხედვით, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ავიარეისების დაგეგმვა და განხორციელება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით და შესაბამისი ფორმებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფასა და გამომგზავრებას.

ზალკალიანის განცხადებით, სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ქრონიკული დაავადებების მქონე პირების, ხანდაზმულების, ორსულების, მცირეწლოვნების და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნება. მისი თქმით, საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, ამ კატეგორიის 2 828 მოქალაქე სამშობლოში უკვე დაბრუნდა.

„მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე ვგეგმავდით სატრანზიტო მარშრუტებსაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ე.წ გამგზავრების ჰაბებში ჩაგვყავდა და ასევე უზრუვნელვყოფდით სახმელეთო მონაკვეთზე გადაადგილების შესაბამის დერეფრნებსა და ტრანსპორტირებას“, – აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, გარდა საჰაერო გზისა, აქტიურად იყო გამოყენებული სახმელეთო და საზღვაო გზები. მისი თქმით, ჩაკეტილი საზღვრებისა და გადაადგილებაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე სახმელეთო და საზღვაო გზით სამშობლოში 3 946 მოქალაქე დაბრუნდა.