სამტრედიაში 23 წლის ქალი გლანდების ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

პუბლიკა

სამტრედიაში 23 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც 19 ოქტომბერს ქუთაისში გლანდებზე ოპერაცია გაიკეთა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალს სისხლდენა დაეწყო, საავადმყოფოში გადაყვანამდე კი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილი ექიმების რეკომენდაციებს იცავდა, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე კი კლინიკაში მას სამედიცინო პროცედურები ჩაუტარეს და უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ გამოძიებისთვის.

კლინიკა „გიდის“ დირექტორი „TV პირველთან“ ამბობს, რომ პაციენტს ოპერაცია წესისამებრ ჩაუტარდა და გაწერისას მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ მომხდარი ექიმების ბრალი არ არის.

„პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია კარგად. როცა გაეწერა პაციენტის მდგომარეობა დამაკამყოფილებელი იყო, დარიგებაც მიიღო, როგორც სხვა ყველა პაციენტი იღებს დარიგებებს, ზუსტად ისე ყველაფერი, პროტოკოლის მიხედვით.

მერე, სადღაც მე-4 დღეს განუვითარდა სისხლდენა, როგორც ვიცით. რა მოხდა, როგორ და რის გამო განუვითარდა სისხლდენა ვერ გეტყვით, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ ექიმის ბრალი ნამდვილად არ არის.

ერთხელ იყო მხოლოდ ჩვენთან, როცა გაიკეთა ოპერაცია. შემდეგ გაეწერა და მას შემდეგ ჩვენთან არ ყოფილა.

ექიმი დამნაშავეა, თუ სისხლდენა დაიწყება ოპერაციის დროს, კიბატონო, ვთქვათ, ან კლინიკაში ყოფნის პერიოდში. კარგი იქნება, რომ დაველოდოთ გამოძიებას, რადგან გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს“, – აცხადებს დიმიტრი მხეიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile