საქართველოში სამუშაო ასაკის მოსახლეობის თითქმის 30% უმუშევარი ან ეკონომიკურად არააქტიურია - IFC

პუბლიკა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის საქართველოს კერძო სექტორის დიაგნოსტიკური კვლევის თანახმად, სამუშაო ასაკის (სამუშაო ძალის) მოსახლეობის თითქმის 30% ამჟამად უმუშევარი ან ეკონომიკურად არააქტიურია.

სამუშაო ძალაში შედიან 15+ წლის ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც ან დასაქმებულები არიან, ან აქტიურად ეძებენ სამსახურს და მზად არიან მუშაობის დასაწყებად.

კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში სამუშო ძალა დიდწილად აუთვისებელია. მაღალი უმუშევრობისა და დაბალი სამუშაო ძალის მონაწილეობის (LFP) დონის შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელი 41.1%-ით განისაზღვრება, რაც დაბალია ევროკავშირის 69.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს მიანიშნებს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეროვნული კეთილდღეობის შექმნაში არ მონაწილეობს.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელი გასული ათწლეულის განმავლობაში 1%-ზე ოდნავ მეტით გაიზარდა. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წილი კი 69%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც რეგიონში, საქართველოს მსგავსს ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 80%-ია. ქვეყანაში [საქართველო] თვითდასაქმებულთა წილი მაღალია.

მიზეზებზე საუბრისას კვლევაში გამოყოფილია ორი ძირითადი გარემოება:

  1. მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების სიმცირე;
  2. კომპანიის მოთხოვნებისა და სამუშაო ძალის უნარებს შორის აცდენა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი სამუშაო ადგილების უმეტესობა შედარებით საბაზისო პროფესიულ უნარებს მოითხოვს. დოკუმენტში მოყვანილია კადრებზე ბიზნესის მოთხოვნის 2020 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით გამოცხადებული 55 000 ვაკანსიიდან უმეტესობა დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში იყო. კერძოდ, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში (34.7%), რასაც მოჰყვება საცხოვრებელი და კვების მომსახურება (10.9%) და მშენებლობა (8.5%). საერთო ჯამში, 3-დან მხოლოდ 1 სამუშაო ადგილი იყო ისეთი, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვდა.

მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ კერძო სექტორისთვის არასაკმარისად განათლებული (არაკვალიფიციური) მუშახელი შემაფერხებელი ფაქტორია.

„საქართველოში კომპანიების 42.5%-სთვის შეუსაბამო განათლების მქონე სამუშაო ძალა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, მაშინ, როდესაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კომპანიების მხოლოდ 24.8% ასახელებს ამ მიზეზს ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად“, – ვკითხულობთ კვლევაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამუშაო ძალა ტრადიციულად უმაღლესი აკადემიური განათლების მქონეა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად განათლების სფეროს მიერ შეთავაზებულ უნარებსა და კერძო სექტორის მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობაა დასახელებული.

„შედეგად, დამსაქმებლებს უჭირთ კვალიფიციური მუშახელის პოვნა და აცხადებენ, რომ კურსდამთავრებულებს შორის კრიტიკული უნარების ნაკლებობაა. საერთო ჯამში, ქართველი დამსაქმებლები არ აღიქვამენ უმაღლესი განათლების მქონე მუშაკებს, როგორც მაღალკვალიფიციურებს.

მაგალითად, მაგისტრის ხარისხის მქონე სამუშაო ძალის დაახლოებით 40% და ბაკალავრის დიპლომის მქონე დაახლოებით 50% იმაზე მაღალ აკადემიურ დონეს ფლობს, ვიდრე იმ საშუალო და დაბალი დონის პოზიციებისთვისაა საჭირო, რომლებზეც საქმდებიან“, – წერია დოკუმენტში.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის კვლევა არსებული სიტუაციის მოგვარების გზად დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, განათლების სისტემის გარდაქმნას მიიჩნევს. მათი თქმით, საქართველოს განათლების სისტემამ უნდა შეძლოს, მოსწავლეებს საჭირო უნარები შეასწავლოს/აათვისებინოს 21-ე საუკუნეში საჭირო კომპეტენციებისა და სპეციალური უნარების ჩათვლით და შესთავაზოს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის შესაძლებლობები, რათა შეამციროს კადრების უნარების დეფიციტი.