სამწუხაროა, როცა პოლიტიკოსი სხვა ვერაფერს იფიქრებს და შარდის ანალიზითღა ცდილობს „ჯანსაღი ცხოვრების" წახალისებას - გურამ იმნაძე

პუბლიკა

„ძალიან სამწუხაროა, როცა პოლიტიკოსი სხვა ვერაფერს იფიქრებს და შარდის ანალიზითღა ცდილობს „ცხოვრების ჯანსაღი წესის” წახალისებას”, – ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მოწოდებას ეხმაურება.

მისივე თქმით, კალაძე შესაძლოა, ვერ აცნობიერებს მისი ეს განცხადებები რამდენად ღირსების შემლახავი და დამამცირებელი შეიძლება იყოს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისთვის.

„კახა კალაძემ თავისი შარდის ანალიზი აგვიფრიალა და გვამცნო, რომ სრულიად სუფთაა და მის ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა. კალაძემ იქვე სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა იმავეს გაკეთებისკენ, რათა ყველამ ერთად დაუჭიროს მხარი ცხოვრების ჯანსაღ წესს.

რამდენი მარათონის, სპორტული შეჯიბრის თუ სხვა მაიმუნობის მოფიქრება და გამართვა შეიძლებოდა ამ ტრაფარეტული „ცხოვრების ჯანსაღი წესის” მხარდასაჭერად, მაგრამ არა – ისევ შარდი და ნარკოტიკი. ძალიან სამწუხაროა, როცა პოლიტიკოსი სხვა ვერაფერს იფიქრებს და შარდის ანალიზითღა ცდილობს „ცხოვრების ჯანსაღი წესის” წახალისებას, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ამ ქცევის პოლიტიკური მხარეა.

მოქმედი მერი, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი იძულებულია, შარდის ანალიზით აჩვენოს თავისი სისუფთავე, რომელიც შარდის კონსისტენციამდეა დაყვანილი.

კალაძის ამ მოწოდებებში ისიც ჩანს, რამდენად არ აღელვებს მას ათიათასობით ნარკოტიკის მომხმარებელი, რომლებიც დღემდე არიან უსამართლო და მკაცრი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. მერობის კანდიდატი ალბათ საერთოდ ვერ აცნობიერებს, რამდენად ღირსების შემლახავი და დამამცირებელი შეიძლება იყოს ამ ადამიანებისთვის მისი ეს განცხადებები”, – წერს გურამ იმნაძე.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ, 6 სექტემბერს ნარკოტესტი ჩააბარა. მან ასევე მოუწოდა ყველა კანდიდატს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები.

„მე მინდა, მივმართო ასევე სამხარაულის ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, გაასაჯაროონ ეს მონაცემები, შედეგები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის”, – აღნიშნა კალაძემ. დღის განმავლობაში კალაძის ამ ინიციატივას გამოეხმაურნენ ასევე არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის კანდიდატები თუ წარმომადგენლები.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის”: ნარკოტესტთან დაკავშირებით მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენიმეჯერ ჩამიბარებია. რა თქმა უნდა, მე ამას, როდესაც თავისუფალი დრო მექნება, გავაკეთებ… კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე? ახლა ძაან მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ.

მიხეილ ქუმსიშვილი, „ლეიბორისტული პარტია”: – „იაფასიანი პოპულიზმი არის. არავითარი კანონმდებლობა ამას არ მოითხოვს, უბრალოდ ზედმეტად მეტიჩრობს. კალაძეს ახასიათებს, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები”.

მამუკა ხაზარაძე, („ლელო”): „კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით. სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს”.

ანა დოლიძე („ხალხისთვის”): „კახა კალაძის მოწოდება, თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩაიტარონ ნარკოლოგიური შემოწმება, არის გაგრძელება იმ საბჭოთა პოლიტიკის, რომელსაც ატარებს მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ. ჯერ ერთი, შარშან, ზუსტად სექტემბერში, სწორედ კახა კალაძის პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საპარლამენტო კანდიდატს მოუხსნა ნარკოტესტის ჩატარების ვალდებულება. თუ წელს ეს ინიციატივა, არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, მაშინ ვსვამ შეკითხვას, შარშან არ იყო ეს პრიორიტეტი? მეორე და უმთავრესი, წლების განმავლობაში დგას საკითხი, რომ ის მეთოდი, რომლითაც დღეს ხდება ნარკოდამოკიდებულებაზე შემოწმება, კამერის და თანამშრომლის თანდასწრებით მოშარდვა, არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის ადამიანის ღირსების პირდაპირი შელახვა. მით უმეტეს, ამ მეთოდის გატესტვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ჩვენ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ხდება პირადი ინფორმაციის თუ ჩაწერის გავრცელების შესაძლებლობა, აშკარად საშიში და მიუღებელია. ეს პროცესი შეიცავს საფრთხეს, რომ კადრები, რომელსაც გადაიღებენ ინტიმურ სიტუაციაში, გამოყენებული იქნება ამა თუ იმ პოლიტიკოსების ან ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ.

ამიტომ, მე არ ვაპირებ შევუერთდე კალაძის მოწოდებას, თუმცა მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოვუწოდო ხელისუფლებას, პოლიტიკური ფლირტაობის მაგივრად მიხედონ საქმეს – შეიცვალოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მოძველებული, საბჭოთა მეთოდი და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაინერგოს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც ადამიანის ღირსების კონსტიტუციით დაცულ ნორმებს დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, ამ ცვლილებას საზოგადოების  დიდი ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს”, – განაცხადა დოლიძემ.

იაგო ხვიჩია, „გირჩი”: „მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და ძალიან მეუხერხულება, როცა კახა კალაძეს ჩვენ, სახელმწიფო სისტემა ვაგზავნით სადღაც შარდის ჩასაბარებლად. ასევე, მეუხერხულება ეს, როცა ჩემს თავს ეხება ან სხვას, ამიტომ ყოველთვის ღიად ვაცხადებ – ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, ვიდრე ვიარო სადღაც კოლბებით ჩასაბარებლად. ასე ერთმანეთს არ უნდა მოვექცეთ პოლიტიკოსები, ეს არაფერ შუაშია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში”.

„გირჩი” მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კალაძეს ვიდეოკლიპით უპასუხა.

ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ მერობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიასა და „მესამე ძალის” კანდიდატს თამარ კეკენაძეს.