სამწუხაროა, რომ გულს ტკენთ იმ ადამიანებს, ვინც მხარს გიჭერდათ და ჯერ კიდევ გიჭერთ - ქვიარაქტივისტი

პუბლიკა

„ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საჭიროებამ ადამიანობა გადაწონა”, – ქვიარაქტივისტი ნათია გვიანიშვილი Tbilisi pride-ზე „რიონის ხეობის მცველების” განცხადებას ეხმაურება. უცვლევად გთავაზობთ მის facebook-სტატუსს:

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ზოგადად არ არის საჭირო ადამიანმა (და ადამიანების ჯგუფმა) ყველაფერზე აზრი გამოთქვას, სამწუხაროა, რომ ამ ტენდენციას აჰყევით. სამწუხაროა, რომ ისეთი განცხადება გაავრცელეთ, რომელიც გულს ტკენს (რბილად რომ ვთქვა) ბევრ იმ ადამიანს, ვინც მხარს გიჭერდათ და ჯერ კიდევ გიჭერთ. ასევე ალბათ ვერ აცნობიერებთ, რომ ამ განცხადებით პირდაპირ საფრთხეს უქმნით ადამიანებს, ვინც პროტესტზე მოდის ხოლმე. ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საჭიროებამ ადამიანობა გადაწონა.

თუმცა, ჩემთვის, როგორც ქვიარი ადამიანისთვის ეს განცხადება დიდად არაფერს არ ცვლის (მხოლოდ ჩემზე მაქვს აქ საუბარი). ჰესი არ უნდა აშენდეს. სახელმწიფო უნდა გამოვიდეს თვითკოლონიზირებული მდგომარეობიდან, სადაც ინვესტორი (და მთავრობის გასქელებული ჯიბეები) დგას წინ, ხალხის ბედი კი არავის აინტერესებს. ამასობაში კი ვიღაცები ბაზრის თავისუფლებაზე კითხულობენ ლექციებს. არ მუშაობს, მეგობრებო ეს. უნდა დასრულდეს. ეს ყველას ეხება, ვინც ჰაერის ნაცვლად შხამს სუნთქავს და ჭამს იმ ეკოლოგიურ გარემოში, რომელსაც ეს „ინვესტიციები ” გვიქმნის. შესაბამისად ჩემი მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს და იმ საქმეს რომელსაც ისინი აკეთებენ.

ასევე არ არის ახალი, და ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლგბტქი ადამიანები ვართ პოლიტიკური სპეკულაციების და შანტაჟის მასალა (სწორად წერია ისე განცხადებაში, ოღონდ მთლად სწორი კუთხე არ არის დაჭერილი) აბსოლუტურად ყველა სხვა ჯგუფისათვის საზოგადოებაში – ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, საზოგადოებაში გამყოფი ხაზები ყველას ჩვენზე გაჰყავს. იქნება ეს იაგო ხვიჩიას მსგავსი ცირკაჩი და შარლატანი პოლიტიკოსი, რომელიც ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს მეორეს (აქტივისტები არ ევასება თურმე )) გინდა კუთხეში მიყენებული მოძრაობები, როგორიც რიონის ხეობის მცველებია, გინდა მთავრობა, რომელიც ქულების დაწერას ცდილობს და გინდა ეკლესია, რომელიც საზოგადოებაში მოკლებულ მხარდაჭერას ისევ ჩვენ ხარჯზე იმაღლებს.

არ ვიცი რა იდგა კონკრეტულად ამ განცხადების უკან, რა ისტორია აქვს მის დაწერას, მაგრამ ისიც არ არის დაკარგული, რომ ბევრი კარგი ადამიანია ამ მოძრაობაში ჩართული და მე პირადად მაქვს მოსმენილი მათი მხრიდან ქვიართანამებრძოლების მხარდაჭერის ისტორიები.

შავი და თეთრი არაფერი არსებობს. ადამიანები 5 წუთში ვერ შეიძენენ დადებით ცნობიერებას და აზრს იმაზე, რასაც ათწლეულების მანძილზე ატენიდნენ, როგორც ქვეყნის დაქცევის წინაპირობას. უბრალოდ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ეს განცხადება ტეხავს. ძალიან”, – წერს გვიანიშვილი.


„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ Tbilisi pride-თან დაკავშირებით ჰომოფობიურ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, „როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას”.