სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს – კილაძე

პუბლიკა

ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს, – განაცხადა უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაურია, რომ გიკვირთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა 10 საათზე რომ იკრიბება, რათა განიხილოს გარკვეული საკითხები. რა შუაშია ოპოზიცია, როცა ჩვენ უამრავი თემა გვაქვს განსახილველი. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით „ბავშვის უფლებათა კოდექსის” იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და 2020 წლის 1 ივნისისთვის უნდა მოვასწროთ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზურნველყოფს, რომ სისტემის მუშაობა დაიწყოს 1 ივნისიდან. ვისაუბრეთ დასაქმების თემაზე და ვმუშაობთ დასაქმების აქტზე. ძალიან მალე გამოვიტანთ განსახილველად და კიდევ უამრავი თემაა“, – განაცხადა კილაძემ.

პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია „სირცხვილის კორიდორები“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს ბანერები წარწერებით – „სირცხვილია!“ და „შეცვალე!“.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ორ სხვადასხვა შესასვლელთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე დგანან.