პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე ამბობს, რომ ეს არ იყო საუკეთესო განცხადება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები „ლელოს“ ოფისში იკრიბებიან და საერთო სამოქმედო გეგმაზე შეხვედროს შემდეგ აპირებენ საუბარს.
„სამწუხაროდ, არ იყო ეს განცხადება საუკეთესო განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშულებას იძლევა და ამიტომ არ არის ეს განცხადება საუკეთესო. პლიუს არავინ არ ვიყავით საქმის კურსში. მაგრამ ის გეგმები, ის მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს გაცხადებული და ჩვენ წარმომადგენლები ვართ ამ საზოგადოების, ეს საერთო გეგმა არის არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტზე“ განცხადება გამოაქვეყნა. ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს: „მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”
მოგვიანებით, ენმ-ისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ოპოზიციური ერთობის სხვა წევრები ვაშაძის განცხადების თაობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის განცხადება პოლიტსაბჭოსთან არ ყოფილა შეთანხმებული.
თანაპარტიელთა განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე თავისივე განცხადება განმარტა და ახალი პოსტი გამოაქვეყნა.