სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები Covid-19-ზე აცრეს

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, სან-დიეგოს ზოოპარკმა Covid-19-ის საწინააღმდეგო, ცხოველებისთვის განკუთვნილი საცდელი ვაქცინით მაიმუნები აცრა. აღნიშნულ ვაქცინაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც Covid-19 გორილებს დაუდგინდათ.

ოთხ ორანგუტანგს და ხუთ ბონობოს ვეტერინარული ფარმაცეფტული კომპანია Zoetis-ის მიერ დამზადებული ვაქცინა გაუკეთეს.

ამავე ზოოპარკში მობინადრე 8 გორილა პირველები იყვნენ, რომელთაც Covid-19 დაუდგინდათ. მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები სხვა ზოოპარკებშიც დადასტურდა – ბრონქსის ზოოპარკის ლომებსა და ვეფხვებში, ასევე ბარსელონის ზოოპარკის ლომებში.

ასევე Covid-19-ით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა ძაღლებში, კატებში, ქრცვინებსა და წაულებში. თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

Zoetis-მა ვაქცინის შექმნა ძაღლებისა და კატებისთვის გასული წლის თებერვალში დაიწყო. ოქტომბერში კი ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარეს კატებისა და ძაღლებისთვის. მიმდინარე წლის თებერვლამდე, მათ გარდა, სხვა სახეობის ცხოველებზე ვაქცინა არ გამოუცდიათ.