„სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს" - ოპოზიციის გადაწყვეტილება

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დასრულდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რომელზეც 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების შესახებ მსჯელობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – ორი ნაწილისგან შემდგარი 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

„ორი ნაწილისგან შედგებოდა შეთანხმება: ერთი იყო კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მეორე – პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა. ამ მოთხოვნაში ვართ ერთიანნი.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს და არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, ჩაშლოს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ საზოგადოების მოთხოვნა და ოპოზიციის ერთობა აიძულებს ხელისუფლებას, შეასრულოს შეთანხმება.

დავით ბაქრაძემაც დაადასტურა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი ერთიანია. „ევროპული საქართველოს” ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია სანახევროდ შესრულებულ შეთანხმებას არ განიხილავს, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ორივე პირობა.

„მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯს ორივე მიმართულებით, გაიხსნება პოლიტიკური სპექტრი იმისათვის, რომ ოპოზიციამ განიხილოს ბოიკოტის შეცვლის ან ხმის მიცემის შესაძლებლობა.

სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმებას მთლიანად, მას ვერ ექნება „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

იგივე პოზიცია აქვს კიდევ ერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც“. თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეთანხმება ან შესრულდება მთლიანად ან მას შლის ბიძინა ივანიშვილი.

„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოდგენილნი ვართ პარლამენტში, ვსაუბრობ ჩემი პარტიის სახელით, ვერ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმიტომ, რომ ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა”, – განაცხადა ბოკუჩავამ და ასევე თქვა, რომ 112 ხმა, რომელიც ცვლილებების მიღებას სჭირდება, „ქართულ ოცნებას” პარლამენტში აქვს.

დავით ბაქრაძისა და თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაიმართება თუ არა საპროტესტო აქციები, ეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით განისაზღვრება და ბოკუჩავა ამბობს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა იძლევა საშუალებას, დისტანციის დაცვით, შესაძლებელი გახდეს ხელისუფლებაზე წნეხი.


8 მარტის შეთანხმება, რომელიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით შედგა, ორი პუნქტისგან შედგება. პირველი პუნქტი იმ საარჩევნო მოდელს განსაზრღვრავს, რომელზეც მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები ერთხმად თანხმდებიან.

სადავოა მეორე პუნქტი, რომელიც ოპოზიციის თქმით, პოლიტპატიმრების ციხიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ მსგავსი ვალდებულება არ აუღია.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ვთხოვ ელჩებს, დაადასტურონ, რომ ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება

რას პასუხობს ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის განცხადებას

ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას – დიპლომატები