სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებლები ავარიული შენობიდან განსახლების მოთხოვნით აქციას მართავენ

პუბლიკა

თბილისის ზღვის დასახლებაში, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მოწყობილი დევნილთა საერთო საცხოვრებლის მოსახლეობა განსახლებას მოითხოვს. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია დღეს მას შემდეგ გამართეს, რაც სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა.

ადგილობრივები „ფორმულასთან“ ჰყვებიან, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება გაუსაძლისია. ხელისუფლება კი მათ ნაქირავებ ბინებში გადაყვანას სთავაზობს, მაგრამ ამ შემოთავაზებას არ ენდობიან და მათთვის მიუღებელია.

„თქვენ თვითონ მოიძიეთ და თანხას ჩაგირიცხავთო, ახლა ეს დასაჯერებელია?! დღეს ამაზე ლაპარაკიც აღარაა და ახლა ქირით გაყვანა უნდათ. ქირით ალბათ გაგვიყვანენ, ერთი-ორი თვე გადაიხდიან, მერე კარგად იყავი“, – ამბობს აქციის მონაწილე ლელა კარტოზია „ფორმულასთან“.

სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსის წინ კარვებს გასლიან და ბინებით დაკმაყოფილებამდე იქ გააგრძელებენ პროტესტს.

აქციის მონაწილეებთან დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დავით გურამიშვილი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახელმწიფომ აიღო იქ მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა სამინისტროს შესყიდვის ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს, მანამდე კი დროებით, მათთვის ნაქირავებ ბინაში გადასვლის შეთავაზება შეუძლია.