სანატორიუმ „ქართლში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  მწუხარებას გამოთქვამენ „ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.  სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს”. 

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის  გარდაცვალების  მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე  გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები  ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს  უპირობოდ მიიღებენ”. – აცხადებენ სამინიტროში.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სანატორიუმთან დროდადრო პოლიციასა და მოსახლეობას შორის ხდება სიტყვიერი დაპირისპირება.

სანატორიუმის ბინადარი დევნილები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან, მატ თქმით,  შენობა ავარიული და იქ ცხოვრება სახიფათოა.