წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების შესყიდვაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ „პუბლიკა“ დაინტერესდა, აქვს თუ არა შესასყიდ შენობებსა და აბანოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
შეკითხვა ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დავუსვით. ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს შესყიდვა დააანონსა.
სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში სანატორიუმებისა და აბანოების აღწერა-ინვენტარიზაცია 2017 წელს დაიწყო, შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. „პუბლიკის“ ინფორმაციით, 2017 წელს მხოლოდ 10 სანატორიუმი, 2 აბანო და რკინიგზის შენობა აღწერეს.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა ამ დრომდე შენობებს ძეგლის სტატუსი, სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღწერის პროცესი გაჭიანურდა, ყველა შენობის აღწერა ვერ მოხერხდა, რის გამოც ძეგლის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებია უკვე აღწერილ სანატორიუმებსა და აბანოებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის თქმით, პრივატიზების პროცესი ხელს არ შეუშლის შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, თუმცა კონკრეტულად როდის იგეგმება ყველა შენობის ინვენტარიზაციის დასრულება, რომ საბჭომ სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიიღოს – ამ შეკითხვაზე სააგენტოში კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულების მქონე შენობისთვის ძეგლის სტატუსი და როგორ იცავს კანონი სტატუსის მქონე შენობებს?
„პუბლიკა“ ესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს.
სალაძის თქმით, ძეგლის სტატუსი თავისთავად ნიშნავს, რომ კონკრეტულ შენობაზე სამუშაოების შესრულება ვერ იქნება მარტივი, მესაკუთრეს არ ექნება ისეთი თავისუფლება, როგორც უსტატუსო შენობაზე.
სალაძე აღნიშნავს, რომ შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის ნება-სურვილზე.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო გაასხვისებს შენობებს, შესაძლებელია, რომ შემდგომში მიანიჭოს ძეგლის სტატუსი. თუმცა იმის გათვალისწინებით, ვინ შეიძლება გახდეს მესაკუთრე, ალბათ სახელმწიფო ასე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“,–ამბობს სალაძე.
სალაძის თქმით, ინვესტორს სტატუსის მქონე შენობის შესყიდვისას უფორმდება ცალკე ხელშეკრულება ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
„იქ სამუშაოების წარმოება ასევე მოიცავს რიგ რეგულაციებს და წესების დაცვას, რაც ნიშნავს იმას, რომ რეაბილიტაციისა თუ სხვა თანამდევი პროცესი უნდა წარიმართოს ისე, იმ მეთოდით, რომელიც თანხვედრაშია კულტურული მემკვიდრეობის აღიარებულ წესებთან“, – განაცხადა სალაძემ „პუბლიკასთან“.
უსტატუსო შენობების შემთხვევაში კი რიგი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობას იღებს მხოლოდ არქიტექტურის სამსახური და ან ზედამხედველობის სამსახური.
სალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა წინაპირობებს დააყენებს სახელმწიფო გასხვისებისას.
„გუშინ, ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მედიით გაშუქდა რომ პროცესი დაძრულია, სწრაფად მიდის, მაგრამ არ გაგვიგია, გასხვისების რა ფორმას გამოიყენებს სახელმწიფო – იქნება ეს სიმბოლურ ფასად გადაცემული თუ იქნება იმ შენობის ღირებულებით, რომელიც მას აქვს. ერთიც და მეორეც შეიძლება იყოს გამოყენებული სამართლებრივად, მაგრამ მთავარია, რა წინაპირობებს აყენებს სახელმწიფო ამ ხელშეკრულების გაფორმებისას“, – აცხადებს სალაძე.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არის საზოგადო სიკეთეც. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.
გასხვისება ძეგლისთვის სტატუსის მინიჭების პროცესს ხომ არ შეაფერხებს?
სალაძე გვპასუხობს, რომ როცა კერძო მესაკუთრე ჰყავს ობიექტს, რა თქმა უნდა იქ ისეთივე დაშვება და წვდომა ვერ ექნება სახელმწიფო სტრუქტურებს და სააგენტოს წარმომადგენლებს, რათა მოამზადოს დოკუმენტაცია, ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. მისთვის ისეთივე თავისუფალი არ იქნება პროცესი, როგორც სახელმწიფოს საკუთრაბაში არსებულ ობიექტზე.
„ჩვენ უამრავი შენობა ვიცით, თუნდაც თბილისში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ჰყავს კერძო მესაკუთრე. არც თუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა უბრალოდ ინტერესის გამოც კი ვერ შესულან ინტერიერში და ვერ დაუთვალიერებიათ. ეს დამატებით შექმნის, სავარაუდოდ, გარკვეულ დაბრკოლებებს, თუკი ამის პოლიტიკური ნება არ იქნება, რომ ის იყოს ღია და ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – თქვა სალაძემ.