„ევროპული საქართველოს” წევრებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და ოთარ კახიძემ პარტიის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სანდრო წყაროსგან აქვთ ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში კონკრეტულად მთავრობის გადაწყვეტილების გამო ვერ გაფრინდა.
„საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს სურდა მოხალისეებად წასვლა უკრაინაში, უკრაინის თავდაცვაში მოხალისეობის მისაღებად. ეს მოხდა უკრაინის პრეზიდენტის საჯარო საერთაშორისო მოწოდების შემდეგ. მან ყველას მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი აქვს, გვერდში დაუდგეს უკრაინელ ხალხს.
ამას გამოეხმაურა, თუ არ ვცდები, 200-მდე საქართველოს მოქალაქე. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა სამარცხვინო ამბავი, რომ არ ეძლეოდა საშუალება მათ მიერ დაქირავებულ თვითმფრინავს, აფრენილიყო. ჩვენ ახლა სანდო წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად მთავრობის წარმომადგენელი მთავრობის სახელით ფიზიკურად იყო მისული ადგილზე და განუცხადა ადგილზე მყოფ ადამიანებს, რომ ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ დაუშვას ეს ფრენა”, – განაცხადა ბრიფინგზე ბოკერიამ.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან თვითმფრინავი უნდა გამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულმა ეკიპაჟმა შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო, რეისი არ შედგა. მისივე ინფორმაციით, რეისი ორგანიზებული იყო უკრაინის საელჩოს მიერ.
„პუბლიკა“ ცდილობს უკრაინის საელჩოსა და საქართველოს სხვა ოფიციალურ უწყებებთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას.