საქართველო მოხვდა სანქციების გვერდის ავლაზე აშშ-ის უწყებების ერთობლივ გაფრთხილებაში

პუბლიკა

აშშ-ის ფინანსური დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნეს ერთობლივი გაფრთხილება, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. უწყებები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთიდან და ბელარუსიდან ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლის პოტენციალზე.

დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

აშშ-ის სახელმწიფო უწყებები შეახსენებენ ფინანსურ ინსტიტუციებს ნაკისრ ვალდებულებებს, მოუწოდებენ, რომ გამოიჩინონ ყურადღება როდესაც საქმე ეხება რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული შეზღუდვების თავიდან არიდების მაღალ რისკებს.

დოკუმენტი შეიცავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა გავლითაც აკრძალული ან კონტროლირებადი ექსპორტი დანიშნულების ადგილამდე – რუსეთში ან ბელარუსში აღწევს.

„BIS-მა დაადგინა გარკვეული სატრანზიტო პუნქტები, რომლებშიც ცნობილია, რომ აკრძალული ან კონტროლირებადი ექსპორტი გადის დანიშნულების ადგილზე – რუსეთსა და ბელარუსში – ჩასვლამდე. ეს პუნქტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ქვეყნებით: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული სამეფო და უზბეკეთი.

ზოგ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი რიგი ნივთები შეიძლება კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით. თუმცა ამ მზა პროდუქციის და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა აკრძალული იყოს. რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე ახლად დაწესებული კონტროლი შეიძლება გახდეს ისტორიული სატრანზიტო ტენდენციების ცვლილების გამომწვევი მიზეზი, ხოლო BIS-ი აქტიურად ეწევა რელევანტური ინფორმაციის მონიტორინგს ასეთი ცვლილებების გამოსავლენად. როგორც ასეთი, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების სია არასრულია, მაგრამ მას შეუძლია დაგვეხმაროს ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების რისკების შემოწმებაში“, — წერია დოკუმენტში.