საოჯახო საქმეებისა და შვილებზე ზრუნვის დიდი ნაწილი კარანტინის დროსაც ქალებზე მოდიოდა - BBC

პუბლიკა

BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ კარანტინის დროს ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების დიდი ნაწილის თავისთავზე აღება დედებს უწევდათ. სახლში შრომისა და ბავშვზე ზრუნვა ძირითადად ქალებს უწევდათ იმ ოჯახებშიც, რომელშიც დედაც და მამაც მუშაობს.

კვლევის ფარგლებში ფისკალური კვლევების ინსტიტუტმა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა 3 500 ოჯახი გამოჰკითხეს.

აღმოჩნდა, რომ დედებს, საშუალოდ, ხელის შეშლის გარეშე მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. მამების შემთხვევაში ხელის შეშლის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა – 3 საათია.

„კვლევამ აჩვენა, საშუალოდ, თანაბარი სამსახურების პირობებშიც კი ქალები სახლში მეტად იტვირთებიან“, – ამბობს ლუსი კრაფტმენი, ფისკალური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი.

„ქალები და კაცები თანაბრად ერთადერთ შემთხვევაში ინაწილებდნენ შრომას. მაშინ, როცა კარანტინამდე ორივე მუშაობდა, კარანტინის დროს კაცები უმუშევრად და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, ქალებმა კი გააგრძელეს მუშაობა. ამ შემთხვევაშიც სამუშაოს თანაბარი გადანაწილება არ გამოდის, რადგან სახლში თანაბარი დატვირთვის დროს, ქალები კიდევ მინიმუმ 5 საათის განმავლობაში ანაზღაურებად სამუშაოს უთმობდნენ დროს“, – დასძენს კრაფტმენი.

პაოლა შერიდანი, რომლის კომპანიაც ქალთა საკითხებზე მუშაობს, ჰყვება, რომ მისი კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩივის არათანაბარ შრომაზე. ქალებს უწევთ საჭმლის კეთება, შვილებისთვის სასწავლო მასალების ჩამოტვირთვა თუ სხვა უამრავი რამ.

„მე ვარ ოჯახში მთავარი შემომტანი, თუმცა ისევ მიწევს მუშაობის შეწყვეტა, რომ საუზმე ან სადილი გავაკეთო, რადგან ჩემი ქმარი ამაზე არც კი ფიქრობს“, – იხსენებს შერიდანი ერთ-ერთი კლიენტის სიტყვებს.

სხვა კლიენტმა კი დაიჩივლა, რომ მისი ქმრის სამსახურმა მუშაობა შეაჩერა, თუმცა მუშაობის, მათ შორის, სამსახურებრივი სატელეფონო საუბრების შეწყვეტაც კი უწევდა ბავშვებზე საზრუნავად, მაშინ, როცა მისი ქმარი ტელევიზორს უყურებდა.

შერიდანის თქმით, ბავშვზე ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება ჯერ კიდევ დეკრეტული შვებულებიდან იწყება. „მხოლოდ ახალშექმნილი ოჯახების 2%-ში ინაწილებდნენ მშობლები თანაბრად შრომას“, – ამბობს შერიდანი.

თუმცა, შერიდანის თქმით, მარტივად – „კაცები ქალების წინააღმდეგ“ საკითხი არ დგას. მშობლის როლში ყოფნა ბევრ შრომას მოითხოვს – უნდა გააკონტროლო შესაძენი პროდუქტები, მოამზადო საჭმელი, იფიქრო ბავშვებზე, გაუკეთო ორგანიზება მათ სწავლას და ამის შემდეგ, ატარო დაბადების დღეებზე, დაეხმარო საჭირო ნივთების შეძენაში და სხვ.

„ქმრებს, როგორც წესი, ამ ყველაფერზე წარმოდგენა საერთო არ აქვთ. მათ არასდროს ჰქონიათ საოჯახო საქმეებთან შეხება. ამიტომ ქალებს მოუწიათ კარანტინში ყოფნის დროსაც საოჯახო საქმეების დაგეგმვა და კეთება“, – ამბობს შერიდანი.

სონია კრუტიკოვა ფისკალური კვლევების ინსტიტუტიდან კარანტინის გამოცდილებაში პოზიტიურ ნიშნებს მაინც ხედავს. მისი თქმით, ქალებსა და კაცებს შორის კვლავინდებურად შრომის არათანაბარი გადანაწილების მიუხედავად, ბოლო პერიოდში კაცების მხრიდან სახლის საქმეებში ჩართულობა მაინც გაიზარდა.

„ახლა მამები, საშუალოდ, ორჯერ მეტ დროს უთმობენ ბავშვზე ზრუნვას, ვიდრე კორონავირუსის კრიზისამდე უთმობდნენ. ამან კი შესაძლოა, დადებითად შეცვალოს საოჯახო საქმეებში მამების როლი“, – ჰყვება კრუტიკოვა.