საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ენგურჰესის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

პუბლიკა

2023 წლის 22 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ენგურჰესის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრა გალში შედგა. ქართულ მხარეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი შეხვდა.

საოკუპაციო აფხაზეთში მოქმედმა გამოცემამ, „ნუჟნაია გაზეტამ” წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აფხაზეთურმა მხარემ ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა მოითხოვა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციის დამალვა სცადეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თავად კრისტინა ოზგანმა და თქვა, რომ „მხარეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

განვიხილეთ 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის საჭირო დონის შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე კომპლექსის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები”, – თქვა მან პროპაგანდისტულ გამოცემა „სპუტნკთან” სატელეფონო კომენტარში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ოპოზიციური მოძრაობა „არუაა” დარწმუნებულია მსგავსი შეხვედრა ვერ შედგებოდა ასლან ბჟანიას ნებართვის გარეშე.

შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აღარ მიაწვდის.

საოკუპაციო რეჟიმს ელექტროენერგია ენგურჰესიდანაც მიეწოდება – კერძოდ, სემეკის ცნობით, აფხაზეთში მიდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60%.

ქართული მხარე ამ ყოველივეზე, ჯერჯერობით, დუმს.