საპარლამენტო ჯგუფმა დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით ტაილანდში შეხვედრები გამართა

პუბლიკა

საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა, დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ბანგკოკში,  ტაილანდის სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოსთან ტაილანდის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ  ჩალემჩაი ბუპნიალეპუნთან შეხვედრაზე  მხარეებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში. ასევე, აღინიშნა ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობა.

„ტაილანდის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბარი  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე გაიმართა. საუბარი შეეხო  ასევე  მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ რთულ პროცესებს. მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ მშვიდობის აღსადგენად უფრო მეტია გასაკეთებელი.

გამოითქვა სურვილი და მზაობა, რომ საქართველოსა და ტაილანდს შორის გამყარდეს ეკონომიკური კავშირები,  ვაჭრობის და ინვესტიციების მიმართულებით. შეთანხმდნენ  უახლოეს პერიოდში ქართულ-ტაილანდური ბიზნეს ფორუმის გამართვის თაობაზე.

საქართველოსა და ტაილანდის მხარეებმა სამუშაო ფორმატში ისაუბრეს რეგულარული  ავიახაზების ხელშეწყობაზე, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის გაძლიერებაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე ტურიზმის მიმართულებით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, როგორც პარლამენტში ამბობენ, გამოითქვა სურვილი ორივე ქვეყნის უძველესი დედაქალაქების, მცხეთისა და აიუთიას დამეგობრების თაობაზე. ორივე ქალაქის  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს იუნესკო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ისაუბრეს ტაილანდში  საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საჭიროებაზე.

საპარლამენტო დელეგაციაში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, სოზარ სუბარი, გელა სამხარაული და ირმა ზავრადაშვილი შედიოდნენ. 


დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ წარმოადგენს, სოზარ სუბართან ერთად. მოძრაობა გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით.