საპარლამენტო ოპოზიცია „ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიცია „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტებს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, დასავლელი პარტნიორები.

„ნაცვლად იმისა, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, რადგან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობას, რის უკანაც იკვეთება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები.

მეტიც, საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, საშიში პრეცენდენტია და დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის კონკრეტული ვადით მინიჭებულ ხელშეუხებლობას აზრს უკარგავს.

შესაბამისად, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა ჯერ განიხილოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც 8 თვის წინ წარედგინა პარლამენტს და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყოთ მსჯელობა კანონში ცვლილებების მიზანშეწონილობის შესახებ.

მოვითხოვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეაჩეროს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რათა პარლამენტმა უზრუნველყოს საკითხის ყოველმხრივი, მიუკერძოებელი შესწავლა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პრეცედენტი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შეტევის და დემოკრატიზაციის გზაზე მორიგი უკანგადაგმული ნაბიჯი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ფრაქცია „ლელო“, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“, ფრაქტია „ენმ“, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“, პარტია „მოქალაქეები“, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები:  თამარ ჩარკვიანი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე.