საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ნიშნად ამ კვირაში პლენარულ სხდომებს არ დაესწრება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიასა“ და პარლამენტის წევრის, თამარ ჩარკვიანის ბოიკოტი.

სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბიუროს მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიამ“, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტს აცხადებს და ფრაქციის წევრები 14-17 დეკემბრის პლენარულ სხდომებს არ დაესწრებიან.

გიორგი ვოლსკის თქმით, ამავე მიზეზით – პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბოიკოტს აცხადებს   და არ დაესწრება სესიებს პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი.

საქართველოს პარლამენტში ამ კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში დაგეგმილია ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრების – ნათია თურნავასა და რატი ბრეგაძის მოსმენა.