საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პარტიის წევრებს შეხვდა. მათი თქმით, საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა.

შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდის გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, დამოკიდებულია ოპოზიციის ქმედებებზე.

„შეხვედრის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მისი ბედი. როგორ იცით, პირველი მოსმენით არის ეს ცვლილებები მიღებული. მათ აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, გქვონდა დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ რაზე გვქონდა მსჯელობა. ერთადერთ რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ყველაფერი არის ღია ამ თემასთან დაკავშირებით. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული როგორ გაგრძლედება ამ ცლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება. მათ შორის, პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება ოპოზოციის მოქმედებებზე. “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ასევე, პარტია „ლელოს“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

გიორგი ვაშაძის თქმით, პოზოციების შეჯერება არ ყოფილა, უბრალოდ სურდათ მოესმინათ, საჯარო სივრცის გარეშე, მმართველი პარტიის პოზიციები.

„ყოველ შემთხვევაში რასაც გვეუბნებიან – 2%-იანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და მეორე, ვთქვათ, ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წლიდან და გავრცელდეს, მაგალითად, 2028 წელზეც, ანუ უფრო დიდხანს გავრცელდეს, ვიდრე ახლა არის კონსტიტუციაში, მანამდე იყოს 1%-იანი ბარიერი, რომელიც დღეს არის და 120/30-ზე პრინციპი”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრო ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა და მმართველი გუნდის წევრებმა პოზიციები გაცვალეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სავარაუდოდ, თებერვალში გაგრძელდება.