საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოში ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებები წარადგინეს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ლიდერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ. ისინი მიმართავენ ცესკოს, გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სიები. ცესკოსთან უკვე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმოადგენლები.

„ეს არის დოკუმენტი, სადაც საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აუქმებს პროპორციულ სიას 37-დან 177-ე ნომრამდე, ანუ უნდა ჩაიხსნას პროპორციული სიის არსებული კანდიდატები პარლამენტის წევრობის და შემდგომ უკვე, როცა ცესკო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას და ყველა დეპუტატი ჩაიხსნება, პარლამენტის დარჩენილი წევრები, რომელთა უფლებამოსილება დღევანდელმა შემადგენლობამ უკანონოდ ცნო, 1-დან 36 დეპუტატის ჩათვლით, უკვე მიმართავს განცხადებით პარლამენტს, უფლებამოსილების შესაწყვეტად“. – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი „მთავარ არხთან“.

ცესკოსთან კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ. მან განაცხადა, რომ დღეს ქართული დემოკრატიის შავი პარასკევია.

„ჩვენც მოვიტანეთ განცხადება პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით, სიის ჩახსნასთან დაკაშირებით. 150-კაციანი სია იყო და ჩვენ სრულად ვხსნით, მთელ სიას ვაუქმებთ. ამის შემდეგ იქნება პროცედურა, ვინც გავიდა პარლამენტში, ფორმალურად, ისინი დაწერენ უარს. ეს ორი ფორმალობა სიის ჩახსნა და განცხადებების დაწერა, საბოლოოდ გააფორმებს ერთპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

სიის ჩახსნის განცხადებით, მივიდნენ ცესკოსთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

ცესკოსთან მისვლას გეგმავენ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებიც.


დღეს, ახალარჩეული პარლამენტის I სხდომის პარალელურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სიმბოლურად საჯაროდ ხელი მოაწერა 3 დოკუმენტს –  უარს საპარლამენტო მანდატებზე, საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნას და განცხადებას ბოიკოტთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით არჩეული ოპოზიციური დეპუტატები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და ტოვებენ პარლამენტს, რადგან პარლამენტის ეს შემადგენლობა არ ასახავს ამომრჩევლის ნებას; ისინი მიმართავენ ცესკოს, გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სიები;

8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მანდატებზე უარის თქმის საჯარო განაცხადს 5-მა მოაწერა ხელი. ესენია: „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – ძალა ერთობაშია“ („რესპუბლიკური პარტიის“ გარდა).