საპატრიარქომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს მღვდელთმსახურების უფლება ჩამოართვა

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს ყველანაირი მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა.

გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქომ მიუთითა, რომ საეკლესიო სასჯელის მიზეზი ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში სასულიერო პირების შეურაცხმყოფელი განცხადებებია და არა – ევროკავშირის დროშის დაწვა.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა”, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილისთვის მღვდელმსახურების უფლების ჩამორთმევის შესახებ საპატრიარქომ სინოდალურ სხდომაზე იმსჯელა. სხდომას პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი, პატრიარქის ქორესპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, დეკანოზები: მიქაელ ბოტკოველი და ლონგილოზ სუარიშვილი ესწრებოდნენ.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილმა ევროკავშირის დროშა ძალადობრივი „ალტინფოს” კამპანიის ფარგლებში დაწვა – „ალტინფო” აპროტესტებს ერთ-ერთი წევრის, ლაშა შარუხიას დაკავებას, რომელიც სწორედ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო მოხდა.

„სოლიდარობა სინდისის ბიჭებს, სოლიდარობა ლაშა შარუხიას!!!“. – დაწერა ფეისბუქზე სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვიდეოს აღწერაში.

დეკანოზი 2021 წლის 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა. “ვალდებული ხართ, იძალადოთ!”, – ამბობდა ის.