საპატრიარქოს განცხადება არის ძალიან გონივრული, არ ზღუდავენ [აცრას] - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები. რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.


საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა“ და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. „შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას“, – წერია განცხადებაში.