საპენსიო საგენტო: 30 ნოემბრისთვის მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მლრდ ლარია

პუბლიკა

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 804.9 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემაში გაწევრებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 467 ათასი ადამიანია.

სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6 541 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 19,284,319.06 ლარს შეადგენს.


2019 წლის პირველი იანვრიდან, 2018 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ქვეყანაში ამოქმედდა ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა. მას შემდეგ მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრდნენ ან არ გაწევრდნენ სისტემაში, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა.

საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს;
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს;
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.