SJC: საპოლიციო რეჟიმი აგრძელებს მოქალაქეების ტერორს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და ამას მოქალაქეების სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთი აგრესიულ აქტად მიიჩნევს. ორგანიზაციის შეფასებით, „საპოლიციო რეჟიმი აგრძელებს მოქალაქეების ტერორს“.

„პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა მკაცრ დასაბუთებას საჭიროებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სახელმწიფოს ქმედებები, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მაღალი დონის აუცილებლობის და პროპორციულობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ისეთი ფორმით, რომელიც არ იქნება შემაშინებელი. ამის საპირისპიროდ, რამდენიმე ადგილას ჩხრეკა ჩატარდა არასრულწლოვნების თანდასწრებით, ისე რომ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ინტერესები საპოლიციო ორგანოების მხრიდან გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფონდის დამფუძნებლების ბინებში ჩატარებულ ჩხრეკებს არ დაასწრეს მათი ადვოკატები, სწორედ დამაშინებელი და დაუცველი გარემოს შექმნას ემსახურება, რაც ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტად უნდა იყოს აღქმული.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მოვლენები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული პირების ბინებისა და ოფისების ჩხრეკის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ჩხრეკის მიზნით შევიდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირ „ლაბორის” ოფისში. გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოები ჩხრეკის მიზნით ორჯერ შევიდნენ ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების, სამოქალაქო აქტივისტების, ქრისტინე ბოტკოველისა და ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინებში, საიდანაც მობილური ტელეფონი და ლეპტოპი ამოიღეს. დეკემბრის თვეში, ასევე გაჩხრიკეს საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, დოდი ხარხელის საცხოვრებელი სახლი.

ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო აქტივისტების სახლებიდან ყოველთვის ხორციელდება ელექტრონულ მოწყობილობების ამოღება. ასევე, აღსანიშნავია, რომ აქამდე, არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის მექანიზმები თვითნებურად, მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად გამოიყენება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო პოზიციის გამო მოქალაქეებზე ზეწოლისა და აქტივიზმში ხელშეშლის მკაფიო ნიშნებს შეიცავს და მათი საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორების მიზნებს ემსახურება. მიმდინარე გამოძიება კი “ქართული ოცნების” მიერ რეპრესიებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გაგრძელებაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს, შეწყვიტონ სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩართულ პირებზე ზეწოლისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პოლიტიზების უკანონო პრაქტიკა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

29 მარტს ადრე დილიდან პროკურატურა თითქმის ერთდროულად შევიდა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში და ჩხრეკა ჩაატარა.

უწყება აცხადებს, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.