საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორად ირაკლი შოთაძე აირჩია. შერჩეულ 4 კანდიდატს შორის (ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე), შოთაძემ ყველაზე მეტი – 11 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.
კენჭისყრაში საპროკურორო საბჭოს 12 წევრი მონაწილეობა. შედეგების მიხედვით, ირაკლი შოთაძემ 11 ხმა მიიღო, ხოლო სოფიო შენგელიამ – 1 ხმა.
შოთაძის კანდიდატურის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი სამოქალაქო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაეჭირათ შოთაძის კანდიდატურისთვის. მათი თქმით, შოთაძეს დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგ პროკურატურასთან გაიმართა აქციებიც.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ღირსეულია. როგორც დღეს, 7 თებერვალს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას მხარი დავუჭიროთ”.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.