საპროტესტო აქციაზე 23 მაისს დაკავებულ მოქალაქეს სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

საპროტესტო აქციაზე 23 მაისს დაკავებულ მოქალაქეს, საბა ბაღდავაძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობა შსს-მ მოითხოვა. ცაცუამ მათი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ადვოკატი ნატა ახალაძე „პუბლიკას” ეუბნება, რომ შსს ბაღდავაძეს 4 სამართალდარღვევას ედავება: 173 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის და 174 პრიმა მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების.

173 მუხლის პირველი ნაწილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მეორე ნაწილი – პოლიციელის შეურაცხყოფას.

174-ე პრიმა მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას შეეხება. ხოლო მე-5 და მე-7 ნაწილებით იკრძალება საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენება და სახის დაფარვა. ეს მუხლები „ქართულმა ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის ნაწილია.

„174/1 მუხლის მე-5 ნაწილი, შსს-ის პოზიციით, გულისხმობდა იმას, რომ საბას სახე ბენდენით ჰქონდა დაფარული.

საბას ედავებიან ამ მუხლების დარღვევას 23 მაისს. საათ-ნახევარში ყველაფერი მოასწროო, ბენდენაც ჰქონდაო, პიროტექნიკაც ისროლაო და შემდგომ არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნასო. კანონიერი მოთხოვნა, შსს-ის ვერსიით, იყო, რომ მას დაესახელებინა ვინაობა და წარმოედგინა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციაო.

პოლიციის თქმით, საბა ამის გამო აგრესიული გახდა და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის და დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს და არა დაუდენტიფიცირებლობისთვის. მაგრამ შემდეგ შეცვალა და თქვა, იდენტიფიცირებაც მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანისას მოვახდინეთო”. – გვეუბნება ადვოკატი ნატა ახალაძე.

მისივე თქმით, საბა ბაღდავაძე ამბობს, რომ პოლიციისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია. ამავე დროს, აღიარებს ბენდენის ტარებას და პიროტექნიკის გამოყენებას.

ნატა ახალაძის თქმით, ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომის პრობლემა ჰქონდათ, ვინაიდან მოსამართლემ ძალიან მცირეხნიანი შესვენება გამოაცხადა.

რაც შეეხება შუამდგომლობას – საბა ბაღდავაძის ადვოკატებმა სხდომის გადადება ითხოვეს, რათა მათ დაცვის პოზიცია სათანადოდ მოემზადებინათ და შეჯიბრებითობის პრინციპი აღსრულებულიყო.

„ერთ მხარეს შსს-ა, მეორე მხარეს კი ფიზიკური პირი. შსს-ს ყველანაირი რესურსი აქვს, მოიპოვოს კადრები, მოწმეები და მოახდინოს სხვადასხვა გარემოებების იდენტიფიცირება. ვიშუამდგომლეთ, რომ რამდენიმე დღით მაინც გადადებულიყო სხდომა. მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ კვირა დღეს რომ მოინახულა ადვოკატმა იზოლატორში, ეს ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერი სათანადოდ მოგვეპოვებინა. დღესვე, დაახლოებით 3 საათზე გავიგეთ, რომ სასამართლოში გადაჰყავდათ”. – ამბობს ადვოკატი.

ახალაძე ამბობს, რომ შსს-ის პოზიციით, საბა ბაღდავაძემ „განსაკუთრებული სიმძიმის სამართალდარღვევები” ჩაიდინა.

დაცვის მხარე 173-ე მუხლთან დაკავშირებით საქმის შეწყვეტას, 174-ე პრიმა მუხლთან დაკავშირებით კი საბა ბაღდავაძისთვის სიტყვიერ შენიშვნას ითხოვდა.

„არც ზიანი არ დამდგარა, არც ვინმე დაზარალებულა. პირიქით, ერთ მონაკვეთში კადრებშიც ჩანს, რომ საბა ადგილზე მყოფებს ანიშნევს, უკან დაიხიონ – ის უსაფრთხოების ზომებს იცავს. მცირე მნიშვნელობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მან ფეიერვერკი 26 მაისის ზეიმის გამო გაუშვა, ვთქვით, რომ ეს იძლეოდა შესაძლებლობას, სასამართლოს სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა.

მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და საბა ბადღავაძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა”. – ამბობს ნატა ახალაძე.

საბა ბაღდავაძე ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.