„ოცნებამ“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიღებული კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ძალაში შევა.
„ოცნებამ“ მეორე მოსმენის დროს კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
შესწორებები შეეხო შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს.
ეს მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირებას ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდებას, აკრძალული ნივთების ქონას, გზის გადაკეტვას.
პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო 5000-ლარიანი ჯარიმა საგნის კონფისკაციით, ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარის ჯარიმა.
ახალი ცვლილებით, ამ პუნქტში სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარი ჯარიმა და 20 დღემდე პატიმრობა.
ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე, ნაცვლად კანონპროექტის პირველ ვერსიაში შემოთავაზებული 20 დღისა.
ორგანიზატორის შემთხვევაში განისაზღვრა 60 დღემდე პატიმრობა. პირველ ვერსიაში განსაზღვრული იყო 5 დღიდან 60 დღემდე პატიმრობა.
აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა, ახალი ვერსიით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. პირველ ვერსიაში ეს პუნქტი პატიმრობას არ ითვალისწინებდა.
ცვლილების შეტანამდე „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კონსულტაციები გაიარეს გუნდში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
კანონში მესამე მოსმენისთვის სხვა ცვლილებები არ შესულა.