სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ და სისხლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებს აფასებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.
„სახალხო დამცველი წლებია, საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ კოდექსში მორიგი რეპრესიული ცვლილებების შეტანას გეგმავს.
ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. მას დაჩქარებულად განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პროცედურით დადგენილ სამივე მოსმენას და კენჭისყრას ერთ სასესიო კვირაში დაასრულებს.
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ კანონში.