საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 9 პატიმარი შეწყალებულთა შორის მოხვდა

პუბლიკა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა – შეწყალებულთა სიაში მოხვდა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 9 პატიმარი.

ესენი არიან:

• დავით ხომერიკი – 26 წლის მუსიკოსს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პროკურატურა ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა.

• საბა ჯიქია – მასაც 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ჯიქიას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.

• დენის კულანინი – დააკავეს 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით – მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კულანინი რუსეთის მოქალაქეა, ის ამჟამად მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

• დანიელ მუმლაძე – მას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანება ედებოდა ბრალად და 3 წელი ჰქონდა მისჯილი.

• გურამ ხუტაშვილი – მუმლაძის მსგავსად მასაც 3 წელი ჰქონდა მისჯილი 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით.

• ფრიდონ ბუბუტეიშვილი – დააკავეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. 20 წლის ბუბუტეიშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

• სიმონ მახარაძე – მსჯავრდებული იყო 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე. მან რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

• თორნიკე მჭედლიშვილი – მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე. მჭედლიშვილს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

• ავთანდილ თოფჩიშვილი – მსჯავრდებული იყო 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელად განესაზღვრა 1 წელი პატიმრობა, 3 წელი პირობითი მსჯავრი. პროკურატურა მას ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.