საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურება 

პუბლიკა

საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურება  — მოსწავლეები სკოლებში პედაგოგების ნაკლებობას, მოსწავლეთა სიმრავლეს და სხვა პრობლემებს აპროტესტებენ

მოსწავლეების საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთი დღეს, 5 ოქტომბერს 500-მდე სკოლის სრულად ან ნაწილობრივ დახურვას გეგმავს.

განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ კვირას განაცხადა პრევენციული ზომების მიღების შესახებ, რაც „სწავლის პროცესში ნაწილობრივი და ეტაპობრივი დაბრუნების“ მცდელობის ნაწილია.

თუმცა, შაბათ-კვირის სიმშვიდის შემდეგ მომიტინგე მოსწავლეებმა გამოაცხადეს, რომ დემონსტრაციების განახლებას კვირის დასაწყისში გეგმავენ. პროტესტი სექტემბერში დაიწყო – მოსწავლეებმა კლასებში მოსწავლეთა სიმრავლე, მასწავლებელთა ნაკლებობისა და სხვა პრობლემები გააპროტესტეს.

კერძოდ, პირველი აქცია 17 სექტემბერს პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ სკოლაში გაიმართა პედაგოგების ნაკლებობის, ხანგრძლივი სასწავლო საათებისა და სხვა უკმაყოფილებების გამო. მას შემდეგ საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანას მოედო – აქციას მოჰყვა საგაკვეთილო გაფიცვები, ბლოკადები და დემონსტრაციები.

მინისტრის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაახლოებით 400-დან 500-მდე დაწესებულებაში სწავლა „სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდება“, ვინაიდან უსაფრთხოების პირობები „უზრუნველყოფილი არ არის“. მან ასევე დასძინა, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 24 სკოლა „დაწვეს ან დაარბიეს“.

ჟეფრეს განცხადებით, სკოლების დახურვა უსაფრთხოების პრევენციული ზომა იყო. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას 6 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდეს და მიზეზად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის მხრიდან „კონკრეტული ზომების“ არარსებობა დაასახელეს.

ჟეფრეს ცნობით, სექტემბრის შუა რიცხვებში პარიზის რეგიონში სტუდენტური აქციების დაწყების შემდეგ, სულ მცირე 170 სტუდენტი და საგანმანათლებლო პერსონალის 78 წარმომადგენელი დაშავდა.

შინაგანი საქმეთა მინისტრის ცნობით, გასულ კვირას 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა 85 პროცენტს არასრულწლოვნები შეადგენდნენ.

მოქალაქეებმა გააკრიტიკეს პოლიციის „არაპროპორციული“ ძალადობა დემონსტრაციების საპასუხოდ. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ მომიტინგე სტუდენტებს „უნდა მოუსმინონ და არა – რეპრესიები მოუწყონ“.