მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი კიდევ ერთი საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს.
სოფო როინიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ვარაუდობს, რომ სკოლიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი ამჯერადაც საპროტესტო აქციებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
23 თებერვალს პედაგოგი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ამჯერად კი სოფელ გუმათის საჯარო სკოლიდან, სადაც 4 წელი მუშაობდა.
როგორც როინიშვილი ჰყვება, სკოლის ადმინისტრაციის ოფიციალური განმარტებით, მშობლების განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს, რადგან მათი შეფასებით დაარღვია ეთიკის ნორმები სკოლის გარეთ.
თავად როინიშვილი მიიჩნევს, რომ გათავისუფლება ამჯერადაც მის საპროტესტო აქციებში აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
„პუბლიკა“ სოფელ გუმათის საჯარო სკოლის დირექტორს ელისო დანგაძეს დაუკავშირდა.
როგორც მან გვითხრა, სოფო როინიშვილის სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი არის მშობლების განცხადებები, მოსწავლეების სკოლიდან გადაყვანას მოთხოვნით, რის მიზეზიც იყო პედაგოგის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევა.
„გათავისუფლების მიზეზი არის მშობელთა მოთხოვნა. მშობლებმა სკოლას განცხადებით მიმართეს, თვითონ ითხოვდნენ ბავშვების სკოლიდან გადაყვანას… მიზეზი იყო არასწორი ქცევა მასწავლებლის, რომელმაც სახელი შეულახა სკოლასაც“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა და დამატებით შეკითხვებზე საუბარი არ ისურვა.
როგორც პედაგოგისთვის ჩაბარებულ სკოლიდან გათავისუფლების ბრძანებაშია ნათქვამი, გათავისუფლების მიზეზი შემდეგია:
„შინაგანაწესის დარღვევის გამო, (კერძოდ ზნეობრივ ეთიკური ნორმების დარღვევა, ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს, მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა) დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული იქნას სამსახურიდან გათავისუფლება“.
სოფო როინიშვილი მიიჩნევს, რომ ორივე სკოლის შემთხვევაში, როგორც ქუთაისის მე-6 და სოფელ გუმათის საჯარო სკოლის შემთხვევაში მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა.
„მე აქტივისტი ვარ, აქტიურად ვარ ჩართული საპროტესტო აქციებში, ფეიერვერკი ვისროლე სამმართველოსთან, ამის გამო სასამართლომ 5000 ლარით დამაჯარიმა და რომ შევდიოდი მეგობრებთან ერთად ვხუმრობდი, ვმღეროდი სიმღერას „ოლე…“, მერე ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოხმაურება იყო, რომ „ასეთ პედაგოგს სკოლაში რა უნდაო“ და ა.შ.
ვაპირებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვთვლი, რომ აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ჩემი გაშვება, არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, გარდა ამ პოლიტიკური მოტივისა, ამას ოფიციალურად ცხადია, არ წერს [დირექტორი], ხომ არ ჩაწერდა რომ ამის გამო გადამცა დისციპლინურ კომიტეტს.
რასაც მაბრალებს, მტკიცებულებები არ აქვს, ვერაფერი წარმომიდგინა. მაბრალებენ თითქოს სკოლას ვაცდენდი ხშირად, უმიზეზოდ არასდროს გამიცდენია, როცა საჭიროება მქონდა ბიულეტენიც წარვადგინე, წინასწარ ვატყობინებდი… მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი არის აქტივისტობა და ჩართულობა იმ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ახლა ქვეყანაშია“, – უთხრა მე-6 საჯარო სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ როინიშვილმა „პუბლიკას“.
სოფო როინიშვილი აპირებს, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივროს.