საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი „ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს

პუბლიკა

აქციის – „შინ ევროპისკენ“ – ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს გეგმის ნაწილი გააცნეს. გიორგი მშვენიერაძის თქმით, აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს, სადაც გაჩნდება ახალი „საპროტესტო კერა”, აქციის დანარჩენი მონაწილეები კი ისევ რუსთაველის გამზირზე დარჩებიან.

გიორგი მშვენიერაძემ სიტყვით გამოსვლის დროს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ის წინ წარუძღვება 3000-მდე ადამიანს და გადაინაცვლებენ „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენებს კი რუსთაველის გამზირზე დარჩენისკენ მოუწოდა.

„რამდენი თქვენგანი ხართ მზად, რომ ჩვენთან ერთად იყოთ ამ ბრძოლაში?! ახლა პირველ ნაბიჯს გადავდგამთ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ერთ საათსა და 40 წუთში ეწურება ვადა, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა. პირველი ნაბიჯი – გვჭირდება 3000 ადამიანი თქვენგან, რომ მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან. აქედან საჭიროა 3000 ადამიანი, არც მეტი და არც ნაკლები. მე წამოვალ წინ და 3000 ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ წინ და ეს იქნება პირველი კერა. დანარჩენები რჩებით აქ“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს. ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე ღამით დარჩენას გეგმავენ. მათი თქმით, აქციის ამ ფორმით გაგრძელება მათი გეგმის ნაწილია.