საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

პუბლიკა

თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით არის გამოცხადებული და მონაწილეობის მიღება 13 ივლისს დასრულდება.

„პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი მიზნად ისახავს როგორც დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას, ისე გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარეების შეფასებას. კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.

„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. ასევე, შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, – განაცხaდა კახა კალაძემ.