საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას - სამინისტრო

პუბლიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი.

საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც“, – ნათქვამია განცხადებაში.