სანამ რუსეთი საუბარს გზის პროექტზე დაიწყებს, საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ვიზიტისას გაჟღერებული ინიციატივას საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე.

დეგნანის განცხადებით, სანამ რუსეთი რამე პროექტზე დაიწყებს საუბარს, 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს და საქართველოდან ჯარი გაიყვანოს.

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-80-იან წლებში იყო დაპროექტებული, თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ  სანამ რუსეთი რამე ახალ პროექტებზე, გზებზე და დაპირებების გაცემაზე ისაუბრებს, აუცილებელია, მათ შეასრულონ 2008 წლის შეთანხმება და უპირველეს ყოვლისა, გაიყვანონ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, ჯერჯერობით შეასრულონ ის ვალდებულება. ვფიქრობ, თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ იმ დაპირებებსა ან განცხადებებში, რომლებსაც აკეთებენ, შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, მათ არც ერთი არ შეუსრულებიათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

15 მარტს ჩეჩნეთში შეხვედრაზე საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის საჭიროებაზე ისაუბრეს, რომ მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის.