საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე გახდა, მას მოგვიანებით უკრაინა და პოლონეთი შეუერთდნენ.
როგორ მოვედით აქამდე
საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იყვნენ.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საქართველომ 6 მატჩიდან 5-ში გაიმარჯვა, 1 შეხვედრა კი, ბულგარეთის ნაკრებთან, ფრედ დაასრულა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგთან 2:0 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო.
რა ხდება შემდეგ
ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 6 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული.
საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.
ვილი სანიოლის გუნდი 18 ივნისს თურქეთთან ითამაშებს, 22-ში ჩეხეთთან, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული 12 გუნდი მერვედფინალის საგზურს მიიღებს, დარჩენილი 4 საგზური კი 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შეხვდება.
საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდების შერჩევის წესი ასეთია (თუ წინა კრიტერიუმით 4-ივე საუკეთესო მესამეადგილოსანი არ გამოვლინდა, უპირატესობა მიენიჭება მომდევნოს):
1. გუნდები, რომლებსაც დანარჩენ მესამეადგილოსნებზე მეტი ქულა ექნებათ;
2. გუნდები, რომლებსაც გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვებზე უკეთესი სხვაობა ექნებათ;
3. გუნდები, რომლებსაც სხვებზე მეტი გოლი ექნებათ გატანილი;
4. გუნდები, რომელსაც სხვებზე მეტი გამარჯვება ექნებათ ჯგუფურ ეტაპზე;
5. გუნდები, რომლებიც სხვებზე ნაკლებ (ყვითელ და წითელ) ბარათს მიიღებენ;
6. გუნდები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვებზე მეტი ქულა დააგროვეს.
ევრო 2024 ისტორიაში მე-17 ევროპირველობა იქნება. საქართველო კი ერთადერთი დებიუტანტი და 35-ე ნაკრები იქნება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.