რას გეგმავს ფედერაცია ევრო-2024-ზე გულშემატკივართა ხელშეწყობისთვის - კობიაშვილის პასუხი

პუბლიკა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჰკითხეს, რას გეგმავს ფედერაცია, თამაშებზე დასასწრებად გაუწევს თუ არა გულშემატკივრებს დახმარებას, თუნდაც ჩარტერული რეისებით და როგორ გაიყიდება ბილეთები.

კობიაშვილის თქმით, ამ საკითხზე UEFA-სთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.

„ჩვენ UEFA-სთან უკვე გვაქვს დაწყებული კომუნიკაცია, ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ეს შესაძლებელი. ამას UEFA უწევს ორგანიზებას და, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება – თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს, თუ როგორც მოხდება… დღეს გამიჭირდება ამაზე კონკრეტული რაღაცის თქმა. თუმცა ყველა თამაშზე როგორც ერთი გუნდის, ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრებს თანაბრად უნაწილდებათ ბილეთები. რაღაც ნაწილი, სავარაუდოდ, საჯარო სივრცეში გაიყიდება, ნაწილს თვითონ UEFA იტოვებს პარტნიორებისა და სპონსორებისთვის და ამ ყველაფერზე ახლო მომავალში ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ, სადაც გულშემატკივრებს ექნებათ სრული ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალების სერიაში დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გადის. ევროპის ჩემპიონატზე.

წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.