საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის - პოლოლიკაშვილი

პუბლიკა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის.

„დაანონსებული იყო 15 ივლისი და ალბათ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო და ხსნის ტურიზმს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.  აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის ევროპული ბაზრები და  ალბათ არაბეთის ქვეყნები, მათთან უკვე დაწყებულია მუშაობა და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ შემდეგ კვირაში უკვე დაანონსდება, თუ რა დოზით გაიხსნება ევროპული ბაზრები და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან უკვე არის თანხმობა, რომ ივლისის ბოლოს დუბაიდან ყველა მიმართულებით დაიწყება მიმოსვლები.

პირველი, რაც ჩვენ ყოველთვის გვაფიქრებს და ჩვენი ძირითადი ამოცანაა, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები. საქართველოს შემთხვევაში 150 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს სექტორში, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა და გვერდში დგომა. ანტიკრიზისული გეგმა პირველ რიგში ამას ემსახურება“, – ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი მთავრობის მიერ გავრცელებულ კომენტაში.