„საქართველო ირჩევს ევროპას“ | 26 მაისს მოქალაქეები და პოლიტიკოსები მსვლელობას გეგმავენ

პუბლიკა

„საქართველო ირჩევს ევროპას“, „ევროპული იდეა ეროვნული იდეაა“ – ხვალ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების პარალელურად, თბილისში ორი მსვლელობაა დაგეგმილი.

მოქალაქეები აპირებენ, ევროკავშირის დროშებით  მოაწყონ მსვლელობა და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ არჩევანი – „საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

პირველი მსვლელობა, რომელსაც მოძრაობა „ტალღა“ აანონსებს, 26 მაისს, 10:30 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და ევროკავშირის დროშებით პარლამენტამდე მივლენ.

მეორე მსვლელობას პარტია „ლელო“ გეგმავს – 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს პარლამენტამდე.

„ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი! საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის! “ – ამბობენ მსვლელობის ორგანიზატორები.

მოქალაქეებმა მსვლელობა მას შემდეგ დააანონსეს, რაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ევროკავშირის დროშის ბანერი პარლამენტის შენობაზე აღარ ჩამოკიდეს და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა. პარლამენტის შენობის ფასადზე მხოლოდ საქართველოს დროშებია, მაშინ როდესაც 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშის ბანერიც იყო.

ერთი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანი იყო „ევროპისკენ“.  წელს კი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 26 მაისის სლოგანია „თავისუფლების სიყვარული“.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღის გაფორმებები ყოველწლიურად თემისა და სლოგანის მიხედვით იცვლება. მათი ცნობით, წელს „დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება ხდება ეროვნული სიმბოლიკით.“