საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს - პრემიერი

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დიდი პატივი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება.

ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის – ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.