„საქართველო კარგად მუშაობს" - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხვალ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. მისი თქმით, მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მუშაობა გააგრძელოს.

„კარგად მუშაობენ. ამას ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს საზოგადოების მხრიდან. ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, – განაცხადა მან.

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. მათივე ინფორმაციით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაშიც.

ამასთან, დაგეგმილია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენცია.