საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსგან პასუხს ელოდება რუსი სპეციალისტების, ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით, ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით. TACC-ის ინფორმაციით, უწყების შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ვაშინგტონი მათ არ უხსნის, რითაა დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს.
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ბრალდებებს ლუგარის საქმიანობასთან დაკავშირებით ცრუს და დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ცენტრის მუშაობა კორონავირუსთან ბრძოლის დროს პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. სამინისტრო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მრავალი განმარტებისა, რუსეთის გამუდმებულმა პროვოკაციებმა იძულებული გახადა საქართველო, კვლავ გაევრცელებინა განცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიეპყრო „რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.”
„რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.
ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.
ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.
ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა-წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.
ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.
საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ ინსტრუმენტად.
სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.
რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით”, –წერია განცხადებაში.